ალკოჰოლიზმის მკურნალობა კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიაზრებს. ალბათ, ყველაზე პირველი და მთავარი, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ავადაა და დახმარება სჭირდება. ამის გარეშე, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ეფექტიანი მეთოდი უსარგებლო იქნება. ხშირად პაციენტი ვერ აღიქვამს თავისი პრობლემის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ ნებისმიერ დროს შეძლებს უარის თქმას სასმელზე. რეალურად კი, ფხიზელი ცხოვრების წესის დაბრუნება რთულია და საკმაოდ ხშირად, შეუძლებელიც კი, მედიცინის ჩარევის გარეშე.
მკურნალობის ეტაპები
პირველ ეტაპზე ალკოჰოლდამოკიდებულს უტარდება სამედიცინო დახმარება, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ემსახურება. პაციენტს უდგამენ წვეთოვანს, უნიშნავენ სამკურნალო პრეპარატებს. 7-10 დღიანი დეტოქსიკაციის პროცესის პარალელურად პაციენტებს უტარდებათ კლინიკურ – ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, პროთრომბინის ინდექსი, ღვიძლის ფუნქციების – ALT, AST, GGT განსაზღვრა).